მზე გასულია, ყრუ კედელი ურტყამს იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი.
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს
და დავიშლები ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.
სიტყვების დროა? სიტყვა დროის ბანქოს დასტაა,
მე კი პოეტი დღეს მუზისთვის კვლავ ვთამაშდები,
თუ მხოლოდ წამი არის სიტყვა, (წუთი არცაა?)
წამწამად უბეს მე წერილად ჩაგივარდები.
თუ სხვაგანაა შენი სივრცე, ხსნა ყრუ ხმაურის,
გაიგუდები, (თუ ეს ლექსიც ვაკუუმია)
ბორკილი არ ვარ, (გალიუმად გადაგადნები)
მხოლოდ ვარ წყალი და ის წყალიც გაყინულია.
მზე გასრესილი, ყრუ ჩაქუჩი ურტყამს იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს,
პაზლად ვიქცევი ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.
Kobuleti / 19 Aug. 2020 02:22