ზამთრის ცოდვები მარტის ხეებს ახმება შფოთვით, სუნთქავს ქარები შენი თმების ბოლოებს რომ სდევს, ივლისში თხილის თეთრი კაკლები იწყებენ ლპობას, წვიმიან ჩიხებს შენი სახელი დაჰყვება ჩრდილად. გააცისკროვნებ ოქტომბრის დღეებს წითელ ხაზებად, ხედვის არეალს მხოლოდ რჩება ქალაქის ქუჩა, ქუჩაში მოხუცი ძაღლის მეტი არავინ არ ჩანს, შენი ყურები მხოლოდ სხვის ხმებს დაეძებს მუდამ. გიტარის სიმებს როგორც იქნა გააბამს ვიღაც, გინდა ააწყო ოთხი აკორდი, რომ გვითხრა ვინც ხარ, იფიქრებ სიტყვებს, აჯენ რითმებში, სინათლეს ანთებ, დაჟანგულ სიმებს დაკითხვას უწყობ, აქ ხარ თუ არა. სახლის ფანჯრები ღამით მაისში იწყებენ ტირილს, კარის გაღებას სუფთა ჰაერის გრძნობა არ მოაქვს, ნაფაზებს მხოლოდ უემოციო განწყობა მოსდევს, ასე მღერიან მწარე სიმღერას - "თბილისის ღამეს".