Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
Saudade Jun 11
მე ვარ ყველა უგვირგვინო დედოფალი,
ვიქნები თავისუფალი ყველგან, სადაც ვიფრენ.
მე ვარ ყვავილს მოჭიდებული პეპელა,
გავცქერი ზღვას და განვიცდი ორგაზმს.

მე ვარ სამყაროს ყველა მივიწყებული სული,
ვყვირი მხოლოდ დაბნელებულ სიჩუმეში.
მე ვარ ყველა ქვესკნელის ქალღმერთი,
ვხედავ შენს ნაკლებს და გამხელ მზეზე.

მე ვარ შენი ცოლის დამსხვრეული სარკე,
ჩემი გამბედაობა მართავს ამ სამყაროს.
მე ვარ დედა, ქალი , თავისუფლება,
მე ვარ მეასე მიწისქვეშა ორგაზმი ღამით.

მე ვარ ბორდელში, ვარ მუდამ თავისუფალი.
ვფიცავ ვიმღერებ უკანასკნელ ნოტამდე,
ვიცეკვებ იმ ქალისთვის, ვინც მკვდარია დღეს.
დავივიწყებ ტკივილებს, გავიღიმებ ყოველდღე
Cabaret; Brothel
Saudade May 27
დაკარგულია ყველა წამი.
რაც არ უნდა ღირდე მათთვის
მაინც ჩაგანაცვლებენ.
Saudade Mar 29
ამ ცივი ქალაქის მხარეში
ხეები შემეფეთება.
ტოტები ყვავილებს მოისხამს,
მზე დიდად არც ეცხუნებათ.

გადამწვანდება მინდვრები,
ირმების საბადოდ იქცევა.
მარტში ხედავდე მზიან დღეს
ამას კი უნდა მიღწევა.

აპრილში ცოტათი შეთბება,
თითქოს ბუნება მწიფდება.
ხედავ ნაყოფებს ხეებზე,
მაისში რომ აგიზგიზდება.

მალე გადავა მაისიც,
სიცივე უკან დარჩება.
სითბო გადადის სიცხეში,
არდადეგები იწყება!..
დღემაც მოიმატა. გვინდა არ გვინდა, ზაფხულის მოახლოება ყოველთვის კარგია. ლექსი ეძღვნება იმ ბავშვებს, რომლებსაც ვუყურებ ყოველდღე როგორ მიდიან სკოლაში, მოწყენილები, დადარდიანებულები, დაძაბულები. თუმცა , როდესაც გაზაფხული ახლოვდება, ყველა ბედნიერია.
Saudade Jan 10
იქნება ეს გასროლა მტკივნეული?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
ულვაში მამაჩემის ტუჩებზე შეზარხოშდა,
ვხედავ ცრემლებს დედაჩემის ლოყაზე,
მოედინება...

იქნება ეს გასროლა საბედისწერო?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამაჩემის დაჭმულ ტუჩებს კაპიტალიზმი კლავს,
სკოლაში ჩანთით ხელში დედას მივყავარ
მოედინება...

იქნება ეს გასროლა ტკივილგამაყუჩებელი?
მიმიზნებ , შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამაჩემი ღამით ყავას სვამს, სიგარეტს ჭამს.
დედაჩემი აგროვებს ყველა მოგონებას
მოედინება...

იქნება ეს გასროლა უკანასკნელი?
მიმიზნებ, შენი სამიზნე მხოლოდ მე ვარ.
მამა ტირის,
დედა ტირის,
მოედინება...
Saudade Jan 8
მოგვიდუღე ყავა დღეს,
უმართავი ბილიკები გვაბნევენ.
აღარ მინდა სიცივე,
დაგიტოვე ყველა ქარი გარეთ.
ჩემი სახლის ფანჯრები,
აბრახუნებს გამბიტები კარზე.
ისევ მინდა ცას ვგავდე,
წვიმა მომყავს გაზაფხულის მწარე.  

რასაც ვქმნი, მე ვაქრობ მზეს,
შენ კი ჭამ ბნელ სიშიშვლეს.
რამდენ ლექსაც მე დავწერ,
იმდენ სიზმარს ნათელს ვფენ.

და თუ ვინმე დაიჭერს,
სევდიანი ზღვების თოლიებს,
მიუგებენ ხმამაღლა:
"სასთუმალთან სიგარეტი დევს".
ქარბობალა მამხნევებს,
უხალისო დღიურები მაქვს მე.
მომიტანე კალმები,
დაგიხატავ ჟრუანტელის პალმებს.

რასაც ვქმნი, მე ვაქრობ მზეს,
შენ კი ჭამ ბნელ სიშიშვლეს.
რამდენ ლექსაც მე დავწერ,
იმდენ სიზმარს ნათელს ვფენ.
Saudade Jan 4
მე მიყვარს ყავითმოსილი მზიანი პარასკევი,
როცა ცხოვრების დაწყება ორშაბათს გადავწყვიტე.
მე მიყვარს როგორ მღერიან ფრანგულად კაფეში,
როცა ანთებულ შუქებში ბალერინა ცეკვავს ცერებზე.
მე მიყვარს ისტორიები, რომლებსაც ვერ ვყვები,
როცა მე პირდაპირ მიპყრობს შენი თვალები.
მე მიყვარს ყველა უკვდავი ემოცია,
როცა წვიმაში შენი კანი მე მათბობს მხოლოდ .

ყოველ წელს პარასკევს ყველგან მზე არის,
ასე ვეგებები შენთან ერთად წვიმიან შაბათს,
შაბათს ისევ ვიტყვი, რომ ორშაბათს ვიწყებთ,
იმას, რაც თითქმის ოცი წლის წინ უნდა დაგვეწყო.
იმის შიში გაქვს , რომ კატა სწრაფად ჩაირბენს კიბეს?!
იქნებ იმის რომ პირველ ნაფაზს ხველება მოსდევს?!
მითხარი მხოლოდ მე შენ მიყვარვარ !
და შემდეგ თუ გინდა ლიფტი დატოვე.

გახსოვდეს მუდამ, დასაწყისი არის ორშაბათს,
ამიტომ ვერაფერს გვიან შენ ვერ გადადებ.
იპოვე სივრცე საკუთარ თავში , რომ ღრმად შეტოპო,
შველა თუ დაგჭირდეს მე გადაგარჩენ.
ასე გრძელდება ყოველი კვირა შენს გარეშე,
შენ ისევ ისე აცრემლებული მისტირი სულ სხვებს,
მე მიყვარს ყავითმოსილი მზიანი პარასკევი,
როცა ცხოვრების დაწყება ორშაბათს გადავწყვიტე.
Saudade Jan 3
საამურია თუ ისევ დავრჩებით  ერთად,
მაგრამ როგორ?!
თუ მუსიკას არავინ უკრავს.
Next page