Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
Jun 2023
ჰიპოტეზა: არ დაგვიტოვოთ წითელი ბაბილონი!
ალბათ წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი მეზობელი ბატონი ბესარიონი ოჯახითურთ სხვაგან საცხოვრებლად გადავიდა. ერთხელ დავინახე, როცა ჩვენი კორპუსის გამაგრება დაიწყეს, მოვიდა თავის ავლა დიდებას, რომელიც სარდაფში ეგულებოდა, ხელი დაავლო და წაიღო. ქიმიის მასწავლებელთან მივდიოდი როცა შემხვდა, ერთმანეთი მსუბუქად მოვიკითხეთ და ჩვენ-ჩვენი გზა განვაგრძეთ. თვალნათლივ მახსოვს ამ უკეთილშობილესი ადამიანის დამსახურება, მსოფლიოს, სამშობლოს, კონკრეტულად კი ჩვენი კორპუსის განვითარებასა და წინსვლაში.
აღწერილობითი ნაწილი:
სანამ უშუალოდ ბატონ ბესარიონს გაიცნობდეთ, მცირედი რამ წარსულზე. მახსენდება ის ლამაზი დღეები, როცა მოცლილ მე და ჩემს მეგობრებს თვალი სულ რაიმის გაკეთებისა და შენებისკენ გვეჭირა. ერთ-ერთი ჩვენი მიღწევა ხიდან დაშვებული თოკი იყო, რომლის ერთი ბოლო მარადმწვანის საშუალო სიმაღლეზე მყარად მდგარ ტოტს, ხოლო მეორე პირველი სართულის დაცარიელებული მეზობლის კარებს მივაბით. დროდადრო ეს უკანასკნელი ბინა ხეხილის ბაღითურთ დიდი ბედნიერებას გრძნობდა, როცა მის უსიცოცხლო სიცარიელეში ფრთხილი ბავშვების გარდა პატრონიც შეაბიჯებდა. მაგრამ ყოველთვის როდი ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა რომ მისი გულის გამხარებელი პირდაპირ მდგარ მოხრილ კორპუსში ცხოვრობდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ბედნიერი და გამოფხიზლებული ბინის კარებს როგორღა მივამაგრებდით თოკს?! ამ საქმეს ერთ-ერთი ჩვენგანი აგვარებდა. ის თოკის ბოლოს და ჩამოვარდნილ „კამიკაძეს“ ერთად იჭერდა. ამ საოცარი მოწყობილობით დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი გამვლელი ხალისობდა. იმედი მაშინ გადაგვეწურა, როცა ჩვენი ჭარბწონიანი სკოლელი დაეშვა ხიდან, მაგრამ რაც უნდა გასაოცარი იყოს “ატრაქციონმა” გამოცდა ჩააბარა. დაამტკიცა, რომ ასე მარტივად არ გაწყდებოდა და ყველასთვის უსაფრთხო იყო. სამწუხაროდ ჩვენი გასართობის ბოლო ყველას ახსოვს. მასზე მეზობელად მცხოვრები პატარა გუგა ჩამოეკიდა და გაწყვიტა. არავინ ელოდა ამგვარ დასასრულს. “მრავალჭარბწონიანნახულმა” მსუბუქთან წააგო...
შემდეგ იყო სკამები ეზოში... ჩვენი კორპუსი ოთხსართულიანი იყო. სამი სადარბაზო ჰქონდა. წინ მდგარი გაცვეთილი ავტოსადგომები მას თითქოს ორ ნაწილად ჰყოფდნენ: პირველ და მეორე სადარბაზოს ერთად, ხოლო მესამეს ცალკე. პრივილიგირებულ სახლის ნაწილს წინ მაგიდა და სკამები ჰქონდათ, სადაც ძირითდად მოხუცები სხდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ახერხებდნენ იქ რიგიანად მოლხენას, ღრიანცელსა და ბანქოს თამაშსაც კი. ალბათ იცოდნენ როდის იყო დაკავებული ძველი თაობა ტელევიზორის ყურებით. ჩვენ კი, მესამე სადარბაზოს მცხოვრებლებს, აუცილებლად გვესაჭიროებოდა პატარა კუთხე ეზოში. მე და ჩემმა მეგობარმა საბამ გადავწყვიტეთ სკამები ძველი ფიცრებისგან გაგვეკეთებინა და კედლის მორჩენილი საღებავით შეგველამაზებინა. ყველაფერი გამოგვივიდა. სიმარტივის გამო უხერხული ადგილი კი შევარჩიეთ, ჭიანჭველების ბუდესთან ახლოს. ფიცარი ხესა და სტადიონის გალავანს შორის ხიდად იყო გადებული. სწორედ აგებულების ასეთმა სიმარტივემ განაპირობა ის რომ, იმ ალაგს გაბატონებული მწერები უგულებელვყავით. შემდეგ იყო სიმრავლე, ჟრიამული, ყოველგვარი სიკეთე და ერთობა ეზოს ბავშვებისა. ერთ დღესაც ჩვენი ნამოღვაწარი გაქრა. გაქრა უკვალოდ, არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი. ზოგი მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებს აბრალებდა, სხვანი კი ჩემთვის სრულიად უცნობებს ადებდნენ ხელს, იმ იმედით რომ თავიანთ ჯავრს ამოიყრიდნენ „გაბრაზებული მედურგლის“ მუშტით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გავიდა დრო და და ყველაფერს მივხვდი... ის დღე განსაკუთრებული იყო სტუმრად ბიძა და ბიცოლა გვწვეოდა. უღიმღამო სახლი ხალისით ავსებულიყო. შემდეგ იყო საშინელი ხმაური შენებისა - ფანჯრიდან გადავიხედე და ბატონი ბესარიონი დავინახე უროთი ხელში, სასტიკად უსწორდებოდა ყოფილი სკამების ალაგს. არვიცი ჩვენი ნამოღვაწარი მან წაიღო თუ სხვამ, დაწვა თუ თავისი ეზო დაამშვენა. ამას უკვე აზრი არ ჰქონდა. ერთ დღეში იქ ბაბილონი აიგო. წითელი კედლებითა და ნაცრისფერი სახურავით, რომელიც მეორე დღეს ავტომობილის მიღებისთვის ემზადებოდა.
შუალედური მსჯელობა:
მახსოვს ჩემი მშობლების გაბრაზებული გადაძახილები იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ჩვენს განზე მდგარ ავტომობილს ქვებს უშენდნენ, ხან კი მასზე ადიოდნენ და ამით ისედაც დეფორმირებულს, უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებდნენ. ერთ ცხელ დღეს, როცა ოთახის მძიმე ჰაერს ფანჯრიდან გახედვით დავაღწიე თავი, უცნაური ხმა შემომესმა. ვიღაცამ ჩვენს ჟანგიან გოლიათს დიდი ქვა ესროლა და ამ უკანასკნელმაც საშინელი, დამაყრუებული ხმა გამოსცა. მაშინვე სტადიონზე მოთამაშე ბავშვებს გავხედე. ისინი გაკვირვებულები გაჰყურებდნენ ვიღაცას ან რაღაცას. არ გამჭირვებია ბატონი ბესარიონის დანახვა, იდგა ქვით ხელში და მომღიმარი სახით გაჰყურებდა მოთამაშეებს. მან ვერ შემამჩნია და გათამამებულმა ისევ ისროლა ნაცრისფრი ნატეხი, შემდეგ ბავშვებისკენ გაიხედა და უყვირა - “ქვებს ნუ ისვრით მამამძაღლებო!” ბურთით მოთამაშეთა მსგავსად გავოცდი. ალბათ არაერთხელ მსმენია მეზობლისგან ასეთი გაბრაზებული ხმა ცელქი ახალგაზრდების მიმართ და იმედი მომცემია კეთილი ადამიანის არსებობისა ჩემს გარშემო... ოთახში დავბრუნდი და ისევ ჩავები ჩვეულ ფერხულში.
დასკვნა:
გავიდა დრო და გავერანდა მთელი ეზო. სასაცილოა, რომ ავლადიდებასთან ერთად ბესარიონმა ავტოსადგომიც თან წაიღო... თუმცა დატოვა საძირკველი და ბოძები გამზადებული სხვა ბესარიონისთვის, სხვა წითელი ბაბილონისთვის, რომელიც ისევ დაიკავებს ადგილს გადატვირთულ ეზოში, სადაც აღარც ბესარიონია და არც მისი ნასროლი ქვა.
David Delgma
Written by
David Delgma  23/M/Georgia
(23/M/Georgia)   
  291
 
Please log in to view and add comments on poems