Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma Dec 2022
ძალიან მინდა ყველა სიტყვა უკან ჩავუშვა,
იოგთა მაღლა ფიქრებშივე დავასამარო,
რადგან ოცნების დინოზავრმა გადმომაფურთხა -
დამისაცობა სინამდვილით გზები სამყაროს.
David Delgma Jun 2021
ზღვის სიფართეში ჩაშვებული დადნა ნაყინი
და შენს თეთრ მხრებზე ანგელოზად დაუთოვია,
გავყურებ ტალღებს, დაღლა მამჩნევს, კედლებს დავითვლი,
მე უკვე მივხვდი მარტოობა ვისი ტოლია!

სიტყვა ყურს გაჭრის, ყური ბადებს გულთან რეზონანსს
და დიაფრაგმა ქოლგასავით ჩაკეცვადია,
ვინც ეს ფიქრები მეორეჯერ გაამეორა...
ვინც გამიცილა მოთმინებით მუქი სტადია...

თუ სიტყვა არის ჟონგლიორის ბურთთა მუქარა -
დავემუქრები ყველა ტკივილს მე გადაწევით!
თუ დაიკარგე - შენმა ფრთებმა დამიუარა,
თეთრო ფურცლებო ჯიბეებში თქვენ გადარჩებით!

ზღვის სიფართეში ჩაშვებული გალღვა ნაყინი
და შენს თეთრ მხრებზე ანგელოზად დაუთოვია,
გავყურებ კედლებს, დაღლა მამჩნევს, ტალღებს დავითვლი,
მე უკვე მივხვდი მარტოობა შენი ტოლია!
David Delgma Mar 2023
შენი მზერა ჩაიღვრება ლექსში ისე,
როგორც წვიმის თბილი შხაპი სტუმრობს ქალაქს.
წვეთს თუ ქუჩა შეიშრობს და დაივიწყებს -
სიტყვებს შორის გუბეს რითმა ვერ დამალავს.

სანამ რიტმი აირეკლავს რბილ ნაბიჯებს,
სანამ მარტის გვაფარია დღე დამდნარი,
ოდნავ ნელა იმოძრავე, მეტს დაიტევს -
იმახსოვრებს თმის დაკეცილ წყობას თვალი.
David Delgma May 2020
გუშინ ძმობას რომ გეფიცებოდნენ,
სად დაიკარგნენ? აღარ სცალიათ?
რატომ დაგტოვეს ნეტავ იცოდე...
რის შეეშინდათ ასე ძალიან?!
David Delgma Jun 2023
ოცდაერთი, ჩვიდმეტი და... ცხრა -
სიმარტივეს გაერია რთული,
- რბილი ღამის ფიქრი გადაწყდა,
მიმოიბნა სიტყვა გამართული.

ხუთი, სამი, ოცდასამი... რვა -
ეჭიდავა მომავალს წარსული,
ხელსაწყოზე ორი ხაზი და...

- რბილი ღამის ფიქრი გადაწყდა.
David Delgma Feb 2021
მე ჟელიბონად გადავიწელე,
იქნებ შეფუთვამ თავად მიპოვოს (?)
თუ საღამომდე არ მოვიწერე,
გთხოვ ნეპტუნს ქარად გადამისროლო!

დღეს-ხვალ შემჭამენ მე სხვა პირები,
სხვისი კბილები მე ზეგ დამღრღნიან,
მაგრამ სულ სხვაა აქ ნაპირები,
დღეები შენთან ლაღად გადიან.

სულ სხვაა შენი პერისტალტიკა,
სივრცის სიფართე, ელვა, მითები
სულ ორი თვეა განა ათია(?)
მე დასაკარგად რომ მეძნელები.
David Delgma Jul 2020
ატმისფრად იწვის შენი ტუჩები
მათთვის სიცივე არაფერია,
სანამ კოკორო გაიფურჩქნები,
მითხარი შეთნვის ცა რა ფერია.

გრძნობას უბედოს ჩუმად დასტირის
ზღვა მუდამ სევდით სავსე მთოვარი,
ვით ომში მფრენი თეთრი მანდილი
ფიქრები შენზე დანატოვარი.

მაგრამ ოცნება მიწაზე ვარდილ,
უთეთრეს ფურცლეს ჰგავს, როგორც ადრე...
მასზე ვწერ ყველა ნანახს თუ განცდილს,
ყველა სტროფს იტევს რაც კი რამ ვანდე...

ატმისფრად იწვის შენი ტუჩები,
მზეზე მძლავრია და მწველი მასზე,
ერთი შეხება და გაფრენილი
დავემსგავსები რაკეტას მარსზე.

მე რეაქტიულს მოგიტან ყვავილს
შენ კი ღიმილი გთხოვ მომიქსოვე
Lady Stardust - ის ქუჩას რომ გაჭრი
მთვარეზე მჯდარი ისევ მიპოვე.

ატმისფრად იწვის შენი ტუჩები,
მათთვის სიშორე არაფერია,
სანამ სხვა მხარეს გადაფრინდები,
მითხარი შეთნვის ცა რა ფერია.
David Delgma Oct 2023
ეცემა რბილად მოწყეტილი ცრემლები გუბეს
მახე დაუგეს, გაეხვია ბადეში სიტყვა,
ძალიან მინდა გავამთელო და ახმაურდეს
თვალები ბროლის (სიჩქარეში რომ გადამიტყდა)

დავდევ ქალაქში მიმოფანტულ იმედის რგოლებს
მალე დამტოვებს ცარიელი ქუჩა და თითქოს
სეტყვა დაიწყო, უთეთრესი მიწა მაგონებს
უმძლავრეს ნათელს, შენმა გულმა მე რომ გამიყო.
David Delgma May 2020
ჩვენ შორის რკინის გალია ფართო
მე ამ გალიას გულზე ვადნობდი,
შენგან მზის სხივებს ველოდი მარტო,
რას ვიფიქრებდი თუ დამათოვდი.

მე მხოლოდ მსურდა ყოველი ნაკვთის
შენი სახების სტროფად დახატვა,
მაგრამ ნაბიჯი მიწიერ ქარში
შენმა გულისთქმამ სხვა გზით გადადგა...

შენც სხვისფერ მიყავ, მათი გვარისა
გამოდექ ვინაც ქარში გამფანტა,
უძირო თვალებს შენს დავემდური
გულის წადილი რისთვის დამალა...
David Delgma May 2020
ნეტავ სად დაჰფრენ ბინა გაქვს საით
და ვის უნათებ ტკბილო განთიადს,
ნეტავ სად შეხვდი ვარდისფერ მაისს
ან შემოდგომის დღეებს ავდრიანს...

შენი ნათება ნეტავ სად ცეკვავს,
დარდის მოკვლაა ყურება მათი.
საოცრებაა სატურნის ხიდზე
შენი ჯაივად დამდნარი ვალსი.

სამყარო შენი გამხდარა სარკე,
მთა აზიდული შენია ტანი,
ყველა ღრუბელი გადაიყარე,
შენი სუნთქვა ხომ გრიგალი არი.

წვიმა კი იქნებ ცრემლია შენი
რა გატირებდა მთელი ზამთარი?!
იქნება მთვარეს გამოატანო
შენი წუხილის თბილო ამბავი...
David Delgma Jun 2021
არსაიდან მოხვედი და ისევ იქეთ წადი
სადაც არ აქვს უკვდავება დიად მთებს და ველებს,
სადაც კვდება ჩემი ჩუმი და ხელთქმნილი ქნარი,
სადაც ფერი დაუკარგავთ ნავებსა და გემებს

მხოლოდ ნაზი სურნელი და ემოციით სავსე
საფიქრალი დამიტოვე მხოლოდ გეტყვი - გმადლობ,
რადგან შენმა გამოჩენამ დამიბრუნა წამსვე
შემოქმედის გადარჩენის საიდუმლო წყარო.
David Delgma May 2021
თითქოს უშენოდ ედემის კართან
გულამღვრეული მის გახსნას ველი,
ლექსებს წერილად გიგზავნი კვლავაც
სევდის ბაიათს მე დღეს გიმღერი.

ვდგავარ კარიბჭის მცველთა წინაშე
და ვევედრები მათ კარის გახსნას,
უშენოდ ვლილნი დღენი ვინანე
და ახლა მთხოვენ ამ დღეთა ახსნას.
David Delgma Aug 2020
სივრცე დაიწვა უფრთო მტრედებად
T - გაიზარდა, გასამდა - S,
დღეს ღრუბლის სევდა გადამედება
შენი დარდი მაქვს, განა ვინმესი.

გადაეკერა მთებს ხავერდები,
ვცდები, ძონძები გადაეკერა...
ცაზე სიავე ზის გარინდებით
და უშენობად მიღიმის ცერად.

ღელავს ტრამალთა ზანტი ტალღები,
ყმუის ასფალტი,  დამდგარან მგლები
და ცრუ ტყეების მწვანე ბანდები
გამიტაცებენ თუ დამთავრდები.

გთხოვ, სევდა არვის გადააბარო,
ნურც მტირალ წვიმას დამემსგავსები
რომც გადავიწვა, მე მაინც მოვალ
ვეერისებურ ქარად გავჩნდები.
David Delgma Feb 2023
აგორებული აჩქარებით, უძირო, მზარდი,
გაუხედნავი მუსტანგივით მფლობელი სივრცის,
სამშობლო ჩემი, კავკასიის თმების სამაგრი,
გადადებს ისევ გაბრწყინებას მომდევნო დღისთვის.
David Delgma Jan 2021
მაგრამ მეც გავხდი ორტარება დროის ჰამლეტი,
კოსმოსს შევუშვერ გამალებით თვალებს, განა ძირს,
მაგრამ სულ სხვაა ჩემი სევდა, ვით სამარესი
ცრემლის უდროო სიგნალები მხრებზე დამაწვიმს.
David Delgma Jan 2021
მე არ ვიცი ხვალ რამდენად შენ იქნები საკრალური,
ან თუ მზის სხივს, როგორც უწინ, ზეგ ფილტვებში ჩამასუნთქებ.
შენ გაქრები, მე ამ გემზე ერთადერთი ვარ მგზავრული
კოსპუსებში გადაკარგულს უშენობა არ მასუნთქებს...
David Delgma Nov 2020
ბედს შევებრძოლო? ძლიერ გოლიათს?
რომლის მკლავები ცას მისწვდომია...
აზრი აღარ აქვს გადასვლას გზიდან,
სჯობს ისევ გავყვე ბილიკს თოვლიანს...

ბედს შევებრძოლო? მოვუგებ განა?
საწადელს ალბათ მაინც გაიტანს.
მისგან გაქცევა რთულია საქმე-
იგი ჯიუტსაც ოთხით გაიყვანს...

ბედს შევებრძოლო? ძლიერ გოლიათს?
რატომაც არა, მსგავსად დავითის,
მან გოლიათი ქვით დაამარცხა
ჩემი ქვაც ფუჭად აღარ ჩაივლის.
David Delgma Jul 2020
ეს შენ ხარ ქარი, რომ დაჰქრი მარად
წვიმაში, დარში, მთაში თუ ბარად,
გულიდან გულში - ნაცრად ხან ალად,
მეომრის ხელში - ხან ხმლად ხან ფარად.

ეს შენ ხარ მეცხრე და ბოლო ტალღა,
დანგრეულს გემის ცოცხალი აფრა,
ამღები სისხლის უძღები დაშნა,
ხან განთიადის ზეცაზე გახსნა.

მე კი ვარ წვიმა, ზამთარს კი თოვლი
და შენი ხელი, თბილო, დამადნობს...
ოღონდ იქარე, ოღონდ გამოჩნდი
და თბილ აისებს გრძნობა გავანდოთ.
David Delgma May 2020
მიუწვდომელი ვით ჩუმი ღამე,
მანდილი თეთრი მძვინვარე ომში,
ნაზია, როგორც დეკემბრის დილა
და დაკარგული ვარდია თოვლში.

მე მისი ლანდი დამყვება მუდამ
და ფიქრებს მასზე ყოველწამს ვებრძვი,
მე იგი მიყვარს,
მე იგი მათრობს,
თვალებით მათბობს, რომელთაც ვერ ვცვლი.

მიუწვდომელი, როგორც კამარა
ცის მოელვარე უცნობი ფრთები
და გამოხედვას მის სადედოფლოს
მე მიწიერი ვერ შეველევი...

მისი სახება მე ყველგან დამდევს,
მისი უთქმელი მაწუხებს ფერი
და მის თვალებთან გამოთხოვება
დამშვიდობება არს ზეციერის...

მიუწვდომელი, როგორც ედემი,
თუნდ დამღუპველი ვაშლია სხვისი,
მისი კარები დღეს რომ შევაღო,
ბედი ადამის ხვალ მელის ვიცი.

მიუწვდომელი, როგორც დეკემბერს
სანატრელია თბილი დარები,
თეთრო მანდილო მძვინვარე ომში
შენ მე გამიღე გრძნობის კარები.

მიუწვდომელო ვით ჩუმი ღამე,
მანდილო თეთრო მძვინვარე ომში,
ნაზი ხარ, როგორც დეკემბრის დილა
და დაკარგული ვარდი ხარ თოვლში.
David Delgma Apr 2021
ქარი ვიყავი, ვეხებოდი მე შენს თმის ტალღებს -
ყველა უსახურ ქუჩას ნორჩი თეთრი ეფინა.
მთვრალი ვიყავი, შევყურებდი მე შენს ღრმა თვალებს
და ფიქრს ვაძლევდი ნებას შორად ნაზად ეფრინა.

შენ კი, ზღვისფერო, მიაპობდი კვლავ დამწვარ ქუჩას,
ქუჩას, რომელსაც აღარ ჰქონდა თავი და ძალა,
რომ მორეოდა მძლავრ ქარიშხალს წამოსულს შენგან,
შენგან წამოსულ ცუნამისთვის რომ ეთქვა არა.
David Delgma Jun 2023
ჰიპოტეზა: არ დაგვიტოვოთ წითელი ბაბილონი!
ალბათ წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი მეზობელი ბატონი ბესარიონი ოჯახითურთ სხვაგან საცხოვრებლად გადავიდა. ერთხელ დავინახე, როცა ჩვენი კორპუსის გამაგრება დაიწყეს, მოვიდა თავის ავლა დიდებას, რომელიც სარდაფში ეგულებოდა, ხელი დაავლო და წაიღო. ქიმიის მასწავლებელთან მივდიოდი როცა შემხვდა, ერთმანეთი მსუბუქად მოვიკითხეთ და ჩვენ-ჩვენი გზა განვაგრძეთ. თვალნათლივ მახსოვს ამ უკეთილშობილესი ადამიანის დამსახურება, მსოფლიოს, სამშობლოს, კონკრეტულად კი ჩვენი კორპუსის განვითარებასა და წინსვლაში.
აღწერილობითი ნაწილი:
სანამ უშუალოდ ბატონ ბესარიონს გაიცნობდეთ, მცირედი რამ წარსულზე. მახსენდება ის ლამაზი დღეები, როცა მოცლილ მე და ჩემს მეგობრებს თვალი სულ რაიმის გაკეთებისა და შენებისკენ გვეჭირა. ერთ-ერთი ჩვენი მიღწევა ხიდან დაშვებული თოკი იყო, რომლის ერთი ბოლო მარადმწვანის საშუალო სიმაღლეზე მყარად მდგარ ტოტს, ხოლო მეორე პირველი სართულის დაცარიელებული მეზობლის კარებს მივაბით. დროდადრო ეს უკანასკნელი ბინა ხეხილის ბაღითურთ დიდი ბედნიერებას გრძნობდა, როცა მის უსიცოცხლო სიცარიელეში ფრთხილი ბავშვების გარდა პატრონიც შეაბიჯებდა. მაგრამ ყოველთვის როდი ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა რომ მისი გულის გამხარებელი პირდაპირ მდგარ მოხრილ კორპუსში ცხოვრობდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ბედნიერი და გამოფხიზლებული ბინის კარებს როგორღა მივამაგრებდით თოკს?! ამ საქმეს ერთ-ერთი ჩვენგანი აგვარებდა. ის თოკის ბოლოს და ჩამოვარდნილ „კამიკაძეს“ ერთად იჭერდა. ამ საოცარი მოწყობილობით დიდი თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი გამვლელი ხალისობდა. იმედი მაშინ გადაგვეწურა, როცა ჩვენი ჭარბწონიანი სკოლელი დაეშვა ხიდან, მაგრამ რაც უნდა გასაოცარი იყოს “ატრაქციონმა” გამოცდა ჩააბარა. დაამტკიცა, რომ ასე მარტივად არ გაწყდებოდა და ყველასთვის უსაფრთხო იყო. სამწუხაროდ ჩვენი გასართობის ბოლო ყველას ახსოვს. მასზე მეზობელად მცხოვრები პატარა გუგა ჩამოეკიდა და გაწყვიტა. არავინ ელოდა ამგვარ დასასრულს. “მრავალჭარბწონიანნახულმა” მსუბუქთან წააგო...
შემდეგ იყო სკამები ეზოში... ჩვენი კორპუსი ოთხსართულიანი იყო. სამი სადარბაზო ჰქონდა. წინ მდგარი გაცვეთილი ავტოსადგომები მას თითქოს ორ ნაწილად ჰყოფდნენ: პირველ და მეორე სადარბაზოს ერთად, ხოლო მესამეს ცალკე. პრივილიგირებულ სახლის ნაწილს წინ მაგიდა და სკამები ჰქონდათ, სადაც ძირითდად მოხუცები სხდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ახერხებდნენ იქ რიგიანად მოლხენას, ღრიანცელსა და ბანქოს თამაშსაც კი. ალბათ იცოდნენ როდის იყო დაკავებული ძველი თაობა ტელევიზორის ყურებით. ჩვენ კი, მესამე სადარბაზოს მცხოვრებლებს, აუცილებლად გვესაჭიროებოდა პატარა კუთხე ეზოში. მე და ჩემმა მეგობარმა საბამ გადავწყვიტეთ სკამები ძველი ფიცრებისგან გაგვეკეთებინა და კედლის მორჩენილი საღებავით შეგველამაზებინა. ყველაფერი გამოგვივიდა. სიმარტივის გამო უხერხული ადგილი კი შევარჩიეთ, ჭიანჭველების ბუდესთან ახლოს. ფიცარი ხესა და სტადიონის გალავანს შორის ხიდად იყო გადებული. სწორედ აგებულების ასეთმა სიმარტივემ განაპირობა ის რომ, იმ ალაგს გაბატონებული მწერები უგულებელვყავით. შემდეგ იყო სიმრავლე, ჟრიამული, ყოველგვარი სიკეთე და ერთობა ეზოს ბავშვებისა. ერთ დღესაც ჩვენი ნამოღვაწარი გაქრა. გაქრა უკვალოდ, არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი. ზოგი მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებს აბრალებდა, სხვანი კი ჩემთვის სრულიად უცნობებს ადებდნენ ხელს, იმ იმედით რომ თავიანთ ჯავრს ამოიყრიდნენ „გაბრაზებული მედურგლის“ მუშტით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გავიდა დრო და და ყველაფერს მივხვდი... ის დღე განსაკუთრებული იყო სტუმრად ბიძა და ბიცოლა გვწვეოდა. უღიმღამო სახლი ხალისით ავსებულიყო. შემდეგ იყო საშინელი ხმაური შენებისა - ფანჯრიდან გადავიხედე და ბატონი ბესარიონი დავინახე უროთი ხელში, სასტიკად უსწორდებოდა ყოფილი სკამების ალაგს. არვიცი ჩვენი ნამოღვაწარი მან წაიღო თუ სხვამ, დაწვა თუ თავისი ეზო დაამშვენა. ამას უკვე აზრი არ ჰქონდა. ერთ დღეში იქ ბაბილონი აიგო. წითელი კედლებითა და ნაცრისფერი სახურავით, რომელიც მეორე დღეს ავტომობილის მიღებისთვის ემზადებოდა.
შუალედური მსჯელობა:
მახსოვს ჩემი მშობლების გაბრაზებული გადაძახილები იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ჩვენს განზე მდგარ ავტომობილს ქვებს უშენდნენ, ხან კი მასზე ადიოდნენ და ამით ისედაც დეფორმირებულს, უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებდნენ. ერთ ცხელ დღეს, როცა ოთახის მძიმე ჰაერს ფანჯრიდან გახედვით დავაღწიე თავი, უცნაური ხმა შემომესმა. ვიღაცამ ჩვენს ჟანგიან გოლიათს დიდი ქვა ესროლა და ამ უკანასკნელმაც საშინელი, დამაყრუებული ხმა გამოსცა. მაშინვე სტადიონზე მოთამაშე ბავშვებს გავხედე. ისინი გაკვირვებულები გაჰყურებდნენ ვიღაცას ან რაღაცას. არ გამჭირვებია ბატონი ბესარიონის დანახვა, იდგა ქვით ხელში და მომღიმარი სახით გაჰყურებდა მოთამაშეებს. მან ვერ შემამჩნია და გათამამებულმა ისევ ისროლა ნაცრისფრი ნატეხი, შემდეგ ბავშვებისკენ გაიხედა და უყვირა - “ქვებს ნუ ისვრით მამამძაღლებო!” ბურთით მოთამაშეთა მსგავსად გავოცდი. ალბათ არაერთხელ მსმენია მეზობლისგან ასეთი გაბრაზებული ხმა ცელქი ახალგაზრდების მიმართ და იმედი მომცემია კეთილი ადამიანის არსებობისა ჩემს გარშემო... ოთახში დავბრუნდი და ისევ ჩავები ჩვეულ ფერხულში.
დასკვნა:
გავიდა დრო და გავერანდა მთელი ეზო. სასაცილოა, რომ ავლადიდებასთან ერთად ბესარიონმა ავტოსადგომიც თან წაიღო... თუმცა დატოვა საძირკველი და ბოძები გამზადებული სხვა ბესარიონისთვის, სხვა წითელი ბაბილონისთვის, რომელიც ისევ დაიკავებს ადგილს გადატვირთულ ეზოში, სადაც აღარც ბესარიონია და არც მისი ნასროლი ქვა.
David Delgma Oct 2020
წამია მწარე, მწერს გაწამებით,
წითელ წერტილად წელებს მიკაწრავს.
წუთი მეწადა, მწამს გადამაწრთობს
წუხელ ვიწამე მწირმა მიწამა.

წკარუნს წიხლების წარსულს წავატან,
წყენას - წყალობა, წყევლას - წყვდიადი,
წყარო - წყურვილებს, წყრომა - წარმავალს,
წახდენა წვრილად მწვავს... ავწრიალდი.

წვეთავს, ვუწოდებ წვეთებს წყალნარევს
ვწყევლი გაწყვეტილ წნულებს წვიმიანს,
წამოეწევა წნევა წამწამებს,
წყობა მიწუნეს, წყება წყვილია.
David Delgma Jul 2023
ცივ კორპუსზე გაუშლელი, ვიწრო ფრთებით,
რადგან წყვილთა სითამამით ჩართულ ზეცას
ღამეები დაუკეცავს იქ მცხოვრების -
ასასვლელი სამოთხემდე ჩაუკეტავთ...
David Delgma Jun 2023
აკოცე მზის სხივს, დილაობით ოთახს რომ სტუმრობს,
მოვა, პოულობს ამომავალ ზეცაზე ნაპრალს,
ეცადე ნაზად ესადგურო, უძიროდ უფრო
ჩაიწნახულო, სიბრმავეში ეწამე რადგან.

მეღამე ფარდა დაიშლება დაბზარულ ხმაში,
ჩავა ურნაში დახეული წარსული ისე,
გაუირისებს უკვირტობას გარდაუვალი,
მალი ნარნარით განთიადებს ჩაბმული სივრცე.
David Delgma Jun 2021
შორად ვიხილავ კვლავ შენს ხატებას
და ფიქრს დავუთმობ შენზე ოცნების
ლამაზ ვარდებს და ტურფა იისფერ
მანდილს ვით ბორკილს ლაღად მონების.

— The End —