Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma Jan 2021
მაგრამ მეც გავხდი ორტარება დროის ჰამლეტი,
კოსმოსს შევუშვერ გამალებით თვალებს, განა ძირს,
მაგრამ სულ სხვაა ჩემი სევდა, ვით სამარესი
ცრემლის უდროო სიგნალები მხრებზე დამაწვიმს.
Dec 2020 · 224
🟣 - 🟣
David Delgma Dec 2020
მე მეყვარები სანამ მარტი მოიცვლის კბილებს,
მანამ ივნისში ამღერდება პირველი კოცნა,
სანამ აგვისტო გადამადნობს, მომისიკვდილებს,
და ნოემბერი მე-ცხრაასედ იყვირებს მორჩა.

მე მეყვარები სანამ თმაში ცეკვაა გიშრის,
სანამ ტოტებად იქცევიან შენში ვენები,
როცა დაწვება შენი კანი, დაგწურავს ნისლი...
მაშინ დაგტოვებ სილამაზეს ავედევნები.

ვერ დაგპირდები, რადგან სიტყვის ვადაა წამი,
არც ვედებია საათებად მიჯრილი ლულა.
მევედრებიან, გასურვილდა ბალახზე ნამი,
დღეს გაზაფხულდა, დაიგრიკობს, ჯაივი უნდა.

მაგრამ გაგიმხელ, არ დარჩება მარტი უკბილოდ
და ივნისია წელს ყველაზე მიუსაფარი,
კოჭლობს აგვისტო - მარტივია გადაურბინო
და ნოემბერიც დამუნჯდება უდაბნადარი.

თუნდ გაღიავდე, ეს სითეთრე იქნება წმინდა,
თუნდ დაიტოტო, ეს ტოტები იქნება ირმის,
თუნდ მოიღრუბლო, მეათასედ მე შენთან მინდა
თუნდ დაწოლილი შენ გაგიჩნდეს, სიავე, ნისლის.
Nov 2020 · 118
🟣 Night Lonerism 🟣
David Delgma Nov 2020
მთვარის ნათება ტალღებს მიჰყვება,
ტალღა კი - ნაპირს, ნელი ამბორით
ეალერსება, სიყვარულს უხსნის,
თან ემუქრება დიდი ამბოხით.

ქარს გადაატეხს უმადურ ნაპირს
და თან წაიღებს საგანძურს მრავლად,
მეტის ღირსია ბნელი ნაპირი,
რომ არ  სამოთხის კაბას...

სამოთხის კაბას, რომელსაც ძლიერ,
ძლიერ, სადღაც შორს ცა ეხურება,
და დღის ბოლოს კი სიკეთით მკვდარი
ბედნიერების მზე ეხუტება

მთვარის ნათება ტალღებს მიჰყვება
ტალღა კი - ნაპირს, ნელი ამბორით
ეალერსება, სიყვარულს უხსნით
თან ემუქრება ალიაქოთით.
David Delgma Nov 2020
ბედს შევებრძოლო? ძლიერ გოლიათს?
რომლის მკლავები ცას მისწვდომია...
აზრი აღარ აქვს გადასვლას გზიდან,
სჯობს ისევ გავყვე ბილიკს თოვლიანს...

ბედს შევებრძოლო? მოვუგებ განა?
საწადელს ალბათ მაინც გაიტანს.
მისგან გაქცევა რთულია საქმე-
იგი ჯიუტსაც ოთხით გაიყვანს...

ბედს შევებრძოლო? ძლიერ გოლიათს?
რატომაც არა, მსგავსად დავითის,
მან გოლიათი ქვით დაამარცხა
ჩემი ქვაც ფუჭად აღარ ჩაივლის.
Nov 2020 · 100
poet / პოეტი
David Delgma Nov 2020
თავისუფლების მოყვარულ მტრედს ჰგავს-
ფრენისგან დაღლილს სიო რომ ართობს,
სხვაგან გაქცეულ მუზას რომ დასდევს
და ძველ სტროფებსაც არა და არ თმობს.

არწივს მაგონებს, შუაკაცს, მეფეს,
როცა შეჰყურებს მწვერვალებს მაღალს,
რომ გადაიფრენს ამაყად ველებს-
გულის ჭრილობას მედგრად რომ მალავს...

თავისუფლების მოყვარულ გმირს ჰგავს-
ბრძოლისგან დაღლილს იმედი ათრობს,
სხვაგან გაქცეულ სტროფებს რომ დასდევს
და ძველ მუზასაც არა და არ თმობს.
David Delgma Oct 2020
წამია მწარე, მწერს გაწამებით,
წითელ წერტილად წელებს მიკაწრავს.
წუთი მეწადა, მწამს გადამაწრთობს
წუხელ ვიწამე მწირმა მიწამა.

წკარუნს წიხლების წარსულს წავატან,
წყენას - წყალობა, წყევლას - წყვდიადი,
წყარო - წყურვილებს, წყრომა - წარმავალს,
წახდენა წვრილად მწვავს... ავწრიალდი.

წვეთავს, ვუწოდებ წვეთებს წყალნარევს
ვწყევლი გაწყვეტილ წნულებს წვიმიანს,
წამოეწევა წნევა წამწამებს,
წყობა მიწუნეს, წყება წყვილია.
David Delgma Sep 2020
ზღვა ეხეთქება ნაპირის კიდეს,
ზაფხულს მიმართავს - ნახვამდის ძმაო!
ვერ მოკლავს შენზე მღელვარე ფიქრებს
ვერც სექტემბერი, ვერც მისი ცაო
ზღვა ეხუტება უშიშარ ლოდებს
და თეთრად მოსავს, ედება თოვლად,
გული უკვდება, წყევლის სიშორეს,
აგვისტოს ქარი რომ რჩება ობლად
ზღვა მეც მიღიმის მიგზავნის ამბორს,
მე კი საჩუქრად გასროლილ სტროფებს
და სამშვიდობო მინორულ აკორდს
მისკენ ვაგზავნი გავსებულ კონებს
და აღარავის ველი მიწურულს
ზაფხულიც გაქრა და მხოლოდ ფიქრში
მასზე ოცნებას დაემსგავსება
გადათენებულ ღამეს ლოდინში
და გულგაშლილი მივდივარ მისკენ,
ქარი მიხუტებს და მადებს დაფნას,
მე კი სახსოვრად რითმების ღრუბელს
მის ხმაურიან სახებას ვატან...
2017 წელი / ჩვეულებისამებრ ქობულეთი / თარიღი დაახლოებით სექტემბრის პირველი დღეები
David Delgma Aug 2020
სივრცე დაიწვა უფრთო მტრედებად
T - გაიზარდა, გასამდა - S,
დღეს ღრუბლის სევდა გადამედება
შენი დარდი მაქვს, განა ვინმესი.

გადაეკერა მთებს ხავერდები,
ვცდები, ძონძები გადაეკერა...
ცაზე სიავე ზის გარინდებით
და უშენობად მიღიმის ცერად.

ღელავს ტრამალთა ზანტი ტალღები,
ყმუის ასფალტი,  დამდგარან მგლები
და ცრუ ტყეების მწვანე ბანდები
გამიტაცებენ თუ დამთავრდები.

გთხოვ, სევდა არვის გადააბარო,
ნურც მტირალ წვიმას დამემსგავსები
რომც გადავიწვა, მე მაინც მოვალ
ვეერისებურ ქარად გავჩნდები.
David Delgma Aug 2020
მზე გასულია, ყრუ კედელი ურტყამს  იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი.
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს
და დავიშლები ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.

სიტყვების დროა? სიტყვა  დროის ბანქოს დასტაა,
მე კი პოეტი დღეს მუზისთვის კვლავ ვთამაშდები,
თუ მხოლოდ წამი არის სიტყვა, (წუთი არცაა?)
წამწამად უბეს მე წერილად ჩაგივარდები.

თუ სხვაგანაა შენი სივრცე, ხსნა ყრუ ხმაურის,
გაიგუდები, (თუ ეს ლექსიც ვაკუუმია)
ბორკილი არ ვარ, (გალიუმად გადაგადნები)
მხოლოდ ვარ წყალი და ის წყალიც გაყინულია.

მზე გასრესილი, ყრუ ჩაქუჩი ურტყამს  იარას,
ფიალა უკვე დაცლილია, ღამე ზვიადი
დღეს სიშორეა ჩვენი მტერი, დავწვავ ლიანდაგს,
პაზლად ვიქცევი ხვალ ტკივილად თუ გამთლიანდი.
Kobuleti / 19 Aug. 2020 02:22
David Delgma Aug 2020
შენს ნაკვალევს მივუყვები ვით დაისი აისს,
უიმედოდ გელოდები არქტიკაზე მაისს,
ქაოსიდან ქაოსებში შენ დაგეძებ ჩრდილად,
შენი თვალის ანარეკლი დაჰქრის ზღვისაპირად...

თეთრ კედელზე გიწერ ლექსებს შენ გაშალე ფრთები
და შეღებე უსასრულოდ ლურჯი იალქნები,
გაატანე ქარებს სევდა, მოაკელი მტვერი,
მე სტროფების თაიგულით ძველ ადგილას გელი.

თუ არ მოხვალ პაემანი ხვალ მექნება მზესთან,
სხივთა კონას ჩავიხუტებ ნანატრ სამოთხესთან,
გვერდით ქარი მომიჯდება იალქნების სატრფო,
აპნისიდან აპნისამდე ნუთუ ვერ გამათბობს?!
Aug 2020 · 158
🟣 oniN 🟣
David Delgma Aug 2020
მე ვეზიარე შენს უფრთო ფრენას
და ვუპასუხე ჩემს სიმარტოვეს,
კვლავ გავიწირე ვლეწავ განგებას,
გუშინ გიპოვე დღეს მიმატოვე.

გზებია ფართო და ამ სიფართეს
ლოდინი შავი ჩაყლაპავს თეთრად
და შემოდგომის ახალ იარებს
ვინ მომიშუშებს ვიცოდე ნეტავ...

გადის დღეები, გულს ადევს ჟანგი
სიცივეს ღვიძავს და კვდება სითბო,
მითხარი, გრძნობად თუ გავასმაგდი
დეკემბერს ქარად ვის მივაკითხო?

თუ კოსმოსია გადასალახი,
იქნებ კომეტად გადამიფრინო?!
და შორეული მითხრა სალამი
ოღოდ ნახვამდის არასდროს ნინო...
29 სექტემერი 2019 წელი
29 September 2019
David Delgma Jul 2020
ეს შენ ხარ ქარი, რომ დაჰქრი მარად
წვიმაში, დარში, მთაში თუ ბარად,
გულიდან გულში - ნაცრად ხან ალად,
მეომრის ხელში - ხან ხმლად ხან ფარად.

ეს შენ ხარ მეცხრე და ბოლო ტალღა,
დანგრეულს გემის ცოცხალი აფრა,
ამღები სისხლის უძღები დაშნა,
ხან განთიადის ზეცაზე გახსნა.

მე კი ვარ წვიმა, ზამთარს კი თოვლი
და შენი ხელი, თბილო, დამადნობს...
ოღონდ იქარე, ოღონდ გამოჩნდი
და თბილ აისებს გრძნობა გავანდოთ.
David Delgma Jul 2020
ატმისფრად იწვის შენი ტუჩები
მათთვის სიცივე არაფერია,
სანამ კოკორო გაიფურჩქნები,
მითხარი შეთნვის ცა რა ფერია.

გრძნობას უბედოს ჩუმად დასტირის
ზღვა მუდამ სევდით სავსე მთოვარი,
ვით ომში მფრენი თეთრი მანდილი
ფიქრები შენზე დანატოვარი.

მაგრამ ოცნება მიწაზე ვარდილ,
უთეთრეს ფურცლეს ჰგავს, როგორც ადრე...
მასზე ვწერ ყველა ნანახს თუ განცდილს,
ყველა სტროფს იტევს რაც კი რამ ვანდე...

ატმისფრად იწვის შენი ტუჩები,
მზეზე მძლავრია და მწველი მასზე,
ერთი შეხება და გაფრენილი
დავემსგავსები რაკეტას მარსზე.

მე რეაქტიულს მოგიტან ყვავილს
შენ კი ღიმილი გთხოვ მომიქსოვე
Lady Stardust - ის ქუჩას რომ გაჭრი
მთვარეზე მჯდარი ისევ მიპოვე.

ატმისფრად იწვის შენი ტუჩები,
მათთვის სიშორე არაფერია,
სანამ სხვა მხარეს გადაფრინდები,
მითხარი შეთნვის ცა რა ფერია.
Jun 2020 · 220
🟣 ვის? 🟣
David Delgma Jun 2020
დღეს საყვარელო მადევს ბორკილი
და ოცნებაშიც ვერ გიალერსებ,
მხოლოდე ეს ლექსი, როგორც ლტოლვილი
მკათათვეს ნახავს შენს გვიან სერებს...

შავმა შეჭამა ჩვენ შორის თეთრი,
მოკლეს თოლია, ზღვა ყორანს ერგო...
თუ ხვალ დარჩება ჩემგან ნაფლეთი
მითხარი გული ვის ვუანდერძო!
David Delgma Jun 2020
ხარ იისფერი შენ განთიადი,
მე ვარდისფერი გესალმენელა,
ყვითლად შავ ფიქრში დღეს გაღიავდი
ცრემლი გასამდა, სევდა მებევრა...

მე დროს დავამწყვდევ ბნელ კარადებში,
დაცლილ ბოთლებად წამს დავიმარხავ,
დღეს მოგენდობი, ვარ ფარადეი,
გამტარში ელვად გადაგინახავ...

შორია სითბო და ქარი ბნელი
მაცვამს იმედის მე ატმის საბანს,
თუ არ იქნება ხვალ გვიანდელი
გაჩუქებ კოცნად ზეგ იასამანს...

ხარ იისფერი შენ განთიადი,
მე ვარდისფერი გესალმენელა,
ყვითლად შავ ფიქრში დღეს გაღიავდი
ცრემლი გამიშრა, სევდა მენელა...
May 2020 · 92
🟣 * * * * * 🟣
David Delgma May 2020
მე ცის სიმშვიდეს მივადგი კიბე
და თუ ვერავინ გამიგებს... მჯერა
კვლავ დამიკოცნის მე ბრმა ტკივილებს
და თმას დამიწნის ობოლთა სტვენა.

თუ მზე გამწირავს, სახლი შავად ჩაისვამს მინებს,
მეკვლე გახდები, ერთადერთო, დეკემბერს იცნობ!
და თუ შენ გაქრი, მთვარის ნაცვამს მოვირგებს სხივებს,
დაე გავთოვდე, თუნდ ივნისი მათოვდეს თვითონ.

თუ შენ ათხოვე გული სიოს უხელო ვნებას,
მე ხელს ვაჩუქებ ყველა ქარის მომაკვდავ ფიქრებს,
კოსმოსს ააგებს ჩემი ფრთები ვით ცელქი ბგერა
ყველა წერილი  დაკარგული სივრცეში იფრენს...
May 2020 · 221
🟣 chain 🟣
David Delgma May 2020
მე მზის ჩასვლისას გიხილე გუშინ,
ჩვენ შემხედვარე გარბოდა ზეცა,
შენკენ წამოსვლა მომინდა წუთით,
მაგრამ უდროო ბორკილი მეცვა...

მზე ჩადიოდა ნელი და ზანტი,
მას მიჰყვებოდა პალიტრა ფერთა
ვიგრძენი წამით სხვასაც უყვარდი
შენთვის ჩაეშვა ღუზები გემთა...

გარბოდა წამით, უფრთოდ გარბოდა,
ვეღარ მოესწრო დროს მათი შესხმა,
მაგრამ თავის შავს იგი არ თმობდა -
გადაეწყვიტა მას ჩემთან შებმა.

შენ კი უმზერდი მზის ჩასვლას ზღვაში,
ის კი შენ ასვლას ცაში უმზერდა
და ის უშვებდა ნაზ ამბორს, გზაში
სხივს გაშორების ცრემლებს უწმენდდა.

შენ კი ზღვისფერო ვით ქარი ქროდი,
იქნებ ტკბებოდი როგორ იბრძოდა
მკვდარი მნათობი აირად ტრფობით
ან სექტემბრის ცა როგორ იწვოდა.

მე მზის ჩასვლისას გიხილე გუშინ,
ჩვენ შემხედვარე გარბოდა ზეცა,
შენკენ წამოსვლა მომინდა წუთით,
მაგრამ უდროო ბორკილი მეცვა...
David Delgma May 2020
გუშინ ძმობას რომ გეფიცებოდნენ,
სად დაიკარგნენ? აღარ სცალიათ?
რატომ დაგტოვეს ნეტავ იცოდე...
რის შეეშინდათ ასე ძალიან?!
May 2020 · 176
🟣 Icône 🟣
David Delgma May 2020
შენ მიდიოდი... გულს დაფლეთით ქარი იჭერდა
და დელფინებად დაცურავდნენ ჩემში ფიქრები,
საბნად ვიქცევი დღეს საღამოს თუ შეგცივდება
ან თუ სიშორეს მაგრძნობინებ სევდა ვიქნები...

შენ მიდიოდი... ქუჩა ჰგავდა წამით გალიას
და შევეჭამე ნეტავ ლომებს შენგან გამოწვდილს,
მთვარეს ეფარე, ჩემი ცრემლი თქვენი ბრალია
და მართალია, რომ შენამდე ბილიკს გამოვცდი...
David Delgma May 2020
ნეტავ სად დაჰფრენ ბინა გაქვს საით
და ვის უნათებ ტკბილო განთიადს,
ნეტავ სად შეხვდი ვარდისფერ მაისს
ან შემოდგომის დღეებს ავდრიანს...

შენი ნათება ნეტავ სად ცეკვავს,
დარდის მოკვლაა ყურება მათი.
საოცრებაა სატურნის ხიდზე
შენი ჯაივად დამდნარი ვალსი.

სამყარო შენი გამხდარა სარკე,
მთა აზიდული შენია ტანი,
ყველა ღრუბელი გადაიყარე,
შენი სუნთქვა ხომ გრიგალი არი.

წვიმა კი იქნებ ცრემლია შენი
რა გატირებდა მთელი ზამთარი?!
იქნება მთვარეს გამოატანო
შენი წუხილის თბილო ამბავი...
David Delgma May 2020
ვარ მე იუნგა შენს ფართო გემში
და შენ აშტარტად გიმზერ შორეულს,
ჩვენი ტრიერი რბის ქარიშხალში,
ნელი სევდა კი კოცნის ბროწეულს.

გთხოვ გააქროლე გემი აშტარტავ,
ირემს ნახტომი უკან ჩამორჩეს,
ისე იმარდე, რომ დღეს ზუალის
ოთხმოცდაორი ცოლი გაოცდეს...

ისე იმარდე, რომ თავად მოკვდეს,
აჩნდეს კომეტად მთვარის სარტყელი,
ჩვენს სხეულზე კი აცეკვდეს ცისფრად
მისი სიცელქით სავსე ნათელი...
May 2020 · 168
🟣 Perfume Mini Love 🟣
David Delgma May 2020
ვიცი სადაა დღეს შენი ბინა...
ვიცი რაცაა დღეს შენით სავსე...
შენი სურნელი მკლავს, მომეკიდა,
გუშინ კოლბაში რომ მოვათავსე.

მოდი... შენ ვიცი გაივლი კედლებს
და ბეტონის მთას შენ გადაივლი,
ვარდებს დამიკრეფ და ქანცულ ეკლებს
მაისის ქარად ივნისს გაისვრი...

ვიცი სადაა დღეს შენი გული,
რა ფრად გადამწვი შენ მასში ნეტავ...
ჩემი სევდაა დღეს არაბული
ხმლით დასერილი მეომრის ზედა.

და ჭრილობაა თუკი გამჭოლი
და გამეწელა საღეჭად სიტყვა,
სანამ, ძვირფასო, განმეორდები
იქნებ სუნამოს სახელი მითხრა?!
David Delgma May 2020
და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.

თეთრი მთვარე ხომ გიმშვენებს კისერს
ვით ყელსაბამი მარგალიტისა,
მას დაამშვენებ კვლავ ვიცი ისევ,
როგორც ვარსკვლავი მშვენია ცისა.

და როცა ქარი გაფანტავს ფოთლებს,
ხის გაზრდილ შვილებს გააფრენს ველად,
ვიცი მე მაშინ რომ მომიგონებ
და ცრემლს დაუშვებ მიწაზე ნელად.

მე მაშინ მოვალ, მე ქარად მოვალ,
ვეამბორები შენს ხვეულ ნაწნავს,
გპირდები მოვალ, მე მაინც მოვალ
მე მოვალ თოვლად დარდებს რომ ფანტავს.

და როცა იგრძნობ რომ ტალღა არღვევს
ზღვის და ნაპირის დაწყევლილ საზღვარს,
იცნობ რომ შენ ხარ ზღვისფერი ტალღა
მე კი ნაპირი გიამბობ ზღაპარს.

და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს,
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.
David Delgma May 2020
ჩვენ შორის რკინის გალია ფართო
მე ამ გალიას გულზე ვადნობდი,
შენგან მზის სხივებს ველოდი მარტო,
რას ვიფიქრებდი თუ დამათოვდი.

მე მხოლოდ მსურდა ყოველი ნაკვთის
შენი სახების სტროფად დახატვა,
მაგრამ ნაბიჯი მიწიერ ქარში
შენმა გულისთქმამ სხვა გზით გადადგა...

შენც სხვისფერ მიყავ, მათი გვარისა
გამოდექ ვინაც ქარში გამფანტა,
უძირო თვალებს შენს დავემდური
გულის წადილი რისთვის დამალა...
David Delgma May 2020
მიუწვდომელი ვით ჩუმი ღამე,
მანდილი თეთრი მძვინვარე ომში,
ნაზია, როგორც დეკემბრის დილა
და დაკარგული ვარდია თოვლში.

მე მისი ლანდი დამყვება მუდამ
და ფიქრებს მასზე ყოველწამს ვებრძვი,
მე იგი მიყვარს,
მე იგი მათრობს,
თვალებით მათბობს, რომელთაც ვერ ვცვლი.

მიუწვდომელი, როგორც კამარა
ცის მოელვარე უცნობი ფრთები
და გამოხედვას მის სადედოფლოს
მე მიწიერი ვერ შეველევი...

მისი სახება მე ყველგან დამდევს,
მისი უთქმელი მაწუხებს ფერი
და მის თვალებთან გამოთხოვება
დამშვიდობება არს ზეციერის...

მიუწვდომელი, როგორც ედემი,
თუნდ დამღუპველი ვაშლია სხვისი,
მისი კარები დღეს რომ შევაღო,
ბედი ადამის ხვალ მელის ვიცი.

მიუწვდომელი, როგორც დეკემბერს
სანატრელია თბილი დარები,
თეთრო მანდილო მძვინვარე ომში
შენ მე გამიღე გრძნობის კარები.

მიუწვდომელო ვით ჩუმი ღამე,
მანდილო თეთრო მძვინვარე ომში,
ნაზი ხარ, როგორც დეკემბრის დილა
და დაკარგული ვარდი ხარ თოვლში.
May 2020 · 487
🟣 November Girl 🟣
David Delgma May 2020
ცას მტრედისფერი გადაეკერა
და შეიძინე ფერი გრძნეული,
მაშინ დავკარგე ჩემი გონება
და ღამე გავხდი ნისლში ხვეული.

გზა-გზა დამდევდა შენი სახება,
უქარო იყო ის დღე ნოემბრის,
მაგრამ ქარიშხალს ცრემლად აფრქვევდა
რადგან დრო იყო გამოთხოვების.

ცას მტრედისფერი გადაეკერა
და შეიძინე კაბა გრძნეული,
თუ მთვარე შენ ხარ ცას რომ ეფერა
მიგულე მუდამ მე მთვარეული...

თუ პირიმზე ხარ, მნათობი ზეცის,
გთხოვ გაანათე ანათე მძლავრად,
გაფანტე ყველა სიბნელე, ჩრდილი,
წვიმა აქციე ზაფხულის დარად.

ზეცას მტრედისფერად გადაეკერა
შენი ნოემბრის გაბა გრძნეული,
ქარს იმ დღეს შიშით ვერ დაებერა,
როს შენ გიხილა ლერწმად რხეული...

— The End —